Wednesday, April 27, 2011

მაისურები თაობებისთვის

ანკარა. ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატი. ასაკი - 1997-98 წელს დაბადებულები. დღეს საქართველო გამოდის ამ ჩემპიონატზე. ჩვენი გამოუცდელი პატარები, 12-13 წლის გოგონები კი, პირველად გავიდნენ ასეთ დიდ ტურნირზე. მათ პირველი თამაში ალბანეთთან ჰქონდათ და იცით რა მოხდა? ჩვენებმა მოიგეს! დიდი იმედი მაქვს, რომ ბავშვები საკუთარი თამაშით კმაყოფილები ჩამოვლენ. მართალია, მათ უკვე წააგეს ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებებთან, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მაინც გამოცდილების მიღებაა. სულ 9 გუნდი მონაწილეობს, საქართველოს გარდა: ჰოლანდია, ბულგარეთი, ჩინეთი, კორეა, საბერძნეთი, ფინეთი, ალბანეთი და თურქეთი. ანკარაში ჩვენს ბავშვებთან ერთად იმყოფებიან: საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნინო მღებრიშვილი, მწვრთნელები ირმა მეტრეველი, გიორგი ქართველიშვილი, ნონა ღვინჯილია და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ კოდანაშვილი.
კინაღამ დამავიწყდა! :)) სანამ საქართველოს ფრენბურთის ბავშვთა ნაკრები ანკარაში გაემგზავრებოდა, ეროვნული ნაკრების წევრებს გვთხოვეს მაისურები მიგვეტანა, თავიდან არც ვიცოდით, რომ ეს ფორმები, რომლებიც სულ ცოტა შვიდი წლისაა, კიდევ ამ ბავშვებისთვის უნდა ჩაეცვათ. ეს კიდევ არაფერი... ყველაზე სასცილო ის იქნება, აწ უკვე გახეული და გადახუნებული, აგრეთვე დაპატარავებული ფორმები ისევ ეროვნული ნაკრების წევრებს რომ დაუბრუნოს ფედერაციამ. თუმცა გასაკვირი უკვე არაფერია.
თაობები, მოთამაშეები იცვლებიან... და ამასთანავე მაისურზე, თეთრ ზოლში იცვლება გვარის წარწერა, სამწუხაროდ, სხვა ჯერ არაფერი.

No comments:

Post a Comment