Sunday, October 19, 2014

დღეს ფრენბურთი "გამახსენდა"

უცნაურია, რას ნიშნავს ფრენბურთი "გამახსენდა", ალბათ ბევრს გაგიკვირდებათ, რადგან უმეტესობას ის ყოველთვის გახსოვთ და პრინციპში მეც. გეთანხმებით, მაგრამ დღეს ისევ გამახსენდა თუ როგორ მიყვარს ეს სპორტი. სპორტი, რომელმაც მე შემცვალა და არ ვნანობ ფრენბურთთან ერთად გატარებულ არც-ერთ წუთს. შრომა, მონდომება, მაინც წაგება, თამაშის "არწასვლა", გაფუჭბული ბურთები, გულის აცრუება, ნერვების მოშლა. ეს ყველაფერი თან სდევს მას, მაგრამ მაინც როგორი მაგარია... იმიტომ რომ ბოლოს გამახსოვრდება ის ძალიან მაგარი ჩაგდებული ბურთები, მოგებული თამაშები ან თუნდაც, წაგებული, მაგრამ გემრიელად ნათამაშები სეტები. დღეს გამახსენდა და ძალიან დამწყდა გული, რომ თავის დროზე კიდევ უფრო მეტად არ მოვინდომე და ბევრად მეტი არ ვიმუშავე საკუთარ თავზე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამბობდნენ "პერსპექტიულიაო". ეს ბევრ რამეს შემიძლია დავაბრალო, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემ თავზე გავბრაზდი... არ ვიცი რატომ ასე უეცრად, მაგრამ გავბრაზდი და ძალიან დამწყდა გული. იმაზეც დამწყდა გული რომ მაშინ, როდესაც ამას მივხვდი, მეტის გაკეთების საშუალება არ მაქვს და ჩემი დრო წავიდა. უკვე აზრი აღარ აქვს ამაზე ნერვიულობას, მაგრამ მაშინ რატომ არ დამარტყა თავში და არ გადავწყვიტე, რომ 30-40 პასით მეტი გამეკეთებინა, როდესაც 500-ს ან 1000-ს მავალებდნენ? რატომ არ ვაკეთებდი მეტ ნახტომს? ან რატომ ვთრგუნავდი საკუთარ თავს თამაშის დროს და არ ვაკეთებდი ჩემს მაქსიმუმს, როდესაც ამის გაკეთება თავისუფლად შემეძლო? დღეს, ამდენი წლის მერე, ეს განვიცადე, უმიზეზოდ და მტკივნეულად. მივხვდი, რომ საშინლად მომენატრა ფრენბურთი. ცოტა ხნის წინ ჩემი მონატრებული თამაშიც მერგო, ძალიან ვისიამოვნე. მაშინ, როდესაც საერთოდ არაფრის გაკეთება არ შემეძლო და უბრალოდ სიამოვნებისთვის ვთამაშობდი, გამომდიოდა ის, რაც ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია და ალბათ ადრეც ზოგჯერ არ გამომდიოდა. კარგ დარტყმაზე უზომო სიხარულს განვიცდიდი და მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ ის დღე ჩემთვის ბედნიერი იყო :D ვიცი, სასაცილოა, მაგრამ ეს სადღაც შიგნიდან მოდის, სითბო იღვრება მთელ ორგანიზმში და მოულოდნელად ხვდები, რომ სახეგაბადრული დგახარ და არ გაინტერესებს, რამდენად უსუსური იქნებოდა ეს შენი მოპოვებული ქულა რომელიმე პოლონელი ფრენბურთელისთვის (რა შუაშია პოლონელი, მაგრამ მაინც... პ.ს. ყოველთვის მომწონდა მათი ნაკრები :)) მოკლედ, დღევანდელმა ამ განცდებმა, რომ მე ჩემგან დამოუკიდებელი (უფრო სწორად, ჯანმრთელობაზე დამოკიდებული) მიზეზების გამო ფრენბურთს თავი დავანებე, საკმაოდ ცუდ ხასიათზე დამაყენა, მაგრამ ერთმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა გამახსენა, რომ მთავარია მახსოვდეს ის, რაც მიყვარდა და მიყვარს, მახარებდა და მახარებს ფრენბურთში. მეც დავეთანხმე, კარგ ხასიათზეც მოვედი და ეს ბლოგიც გამახსენდა (თურმე ცალკე ფოლდერი მაქვს გაკეთებული, რომელშიც ამ ბლოგისთვის მომზადებული უამრავი ფოტო მაქვს შენახული) ამ ბლოგმა კი ის გამახსენა, თუ როგორი ენთუზიასტი ვიყავი მაინც :D ენთუზიაზმით აღსავსე საზოგადოებავ, იმიტომ რომ ყველა ფრენბურთელი, ვფიქრობ, ასეთია :)) დაიხარჯეთ, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავს ასიამოვნოთ ახლა და პრინციპში, ეს მომავალშიც ძალიან გაგისწორდებათ. გიყვარდეთ, შეიგრძენით ფრენბურთი და დანარჩენი თავად მოვა. წარმატებები!