Friday, June 24, 2011

უნივერსიადა

ივნისის პირველ რიცხვებში თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში ფრენბურთის უნივერსიადა ჩატარდა. წელს ძალიან საინტერესო და ზოგიერთი საკმაოდ დაძაბული თამაშის მომსწრენი გავხდით. წინა წლებთან შედარებით, გუნდების დონე ამაღლდა, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ.
გოგონებში ნახევარფინალისტები გახდნენ "ილიაუნი", "საქართველოს უნივერსიტეტი", "აგრარული უნივერსიტეტი" და თსუ. ადგილები შემდეგნაირად გადაწილდა: მესამე ადგილზე გავიდა აგრარული უნივერსიტეტის გუნდი, მეორე ადგილი საქართველოს უნივერსიტეტის ფრენბურთელებმა მოიპოვეს, ხოლო ოქრო ერგო თსუ-ს.
საპრიზო ადგილები მოიპოვეს თსუ-სა და აგრარული უნივერსიტეტის ვაჟმა ფრენბურთელებმაც. მესამე ადგილი - თსუ, მეორეზე რუსთავის უნივერსიტეტის ფრენბურთელები გავიდნენ, ხოლო პირველზე - აგრარული უნივერსიტეტის გუნდი. საუკეთესო მოთამაშედ ვაჟებში პირველადგილოსანი გუნდი წევრი დაასახელეს. რაც შეეხება გოგონებს, საუკეთესო მოთამაშის ტიტული "ილიაუნის" გუნდის წვერმა ელა კაზარიანმა მიიღო.
მივესალმები ყველა მონაწილე გუნდს და მადლობა მინდა გადავუხადო აქტიურობისათვის. მადლობა აგრარულ უნივერსიტეტს ამ ტურნირის მასპინძლობისათვის და მონაწილეობისათვის, GPI-ს , სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის, ილიას უნივერსიტეტის, რუსთავის უნივერსიტეტის, ყვარელის უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის გუნდებს. აგრეთვე დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ასეთი შემართებისთვის, რომელბმაც დიდი მონდომება გამოიჩინეს მთელი წლის განმავლობაში ასეთი რთული სწავლის პარალელურად (ბოდიშს გიხდით მიკერძოებისათვის, უბრალოდ ამ ყევლაფერს პირადად ვხედავდი).
ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი უნივერსიტეტი ჩაერთვება ამ ტურნირში და დაინტერესდება ფრენბურთით, იმიტომ რომ სპორტის სამინისტროს დაგეგმილი აქვს საუნივერსიტეტო ლიგის შექმნა, რაც კარგ პოპულარობას მოუტას ფრენბურთს.

ფოტოები, როგორც ყოველთვის, ინტერნეტიდან

ფრენბურთი საქართველოში და სხვაგან...

მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში გეუბნებიან - "წადი", თავიდან გიჩნდება პროტესტის გრძნობა და შემდეგ უკვე გულიც გიცრუვდება, რომელიც ალბათ დიდი ხანია უნდა აგცრუებოდა. მაგრამ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნიდან მოგდის მოწვევა რაღაც უმნიშვნელო ტურნირზე და გეუბნებიან - "ყველაფერს გიფინანსებთ, ოღონდ მოდით", მაშინ ხალისით მიდიხარ, იქ ყველას უგებ და ამაყად ბრუნდები, თუმცა აქ იგივე სიტუაცია გხვდება.
ცოტა ბუნდოვანი იყო შესავალი, მაგრამ ეს მართლა ასეა, საქართველოში, ქალთა ეროვნული ნაკრების ფრენბურთელებს ახლახან უთხრეს, თან პირდაპირ უთხრეს, თქვენს ყოფნას რა აზრი აქვსო, მაღალ გოგონებს მეც მოვიყვან და ნაკრებს დავარმქევო. ასეთ დროს წინააღმდეგობაც გავუწიეთ, შევეპასუხეთ, მაგრამ მივხვდით, რომ აზრი არ აქვს საუბარს... ამ დროს იწყებენ თავისი ბეისბოლისტის კარიეირს გახსენებას და ყველა იმედს გიკლავენ.
20 ივნისს თსუ-ს ფრენბურთელთა გუნდები ყარსში გაემგზავრნენ უნივერსიადაზე. მართალია, სუსტი გუნდები დახვდათ იქ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სუსტ გუნდებს, აქვთ პირობები, პირობები, რომლებიც არ ესიზმრება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფრენბურთში. თანაც, ეს ტურნირი ყარსში უკვე რამდენიმე წელია ტარდება, იქაური გუნდები გამუდმებით აგებენ ჩვენებთან და პირველობას ვერ ართმევენ. წელსაც ასე მოხდა, თსუ-ს ფრენბურთელმა გოგონებმა ისევ პირველი ადგილი დაიკავეს, თურქებმა ისევ წააგეს, მაგრამ მომავალ წელს ტურნირი მაინც ჩატარდება... ანუ ისინი არ თამაშობენ იმის შიშით, რომ წაგების შემთხვევაში შეიძლება დაფინანსება შეუწყდეთ, ისინი თამაშობენ, რათა უბრალოდ მოიგონ.
ჩემი აზრით, საქართველოში სპორტის ყელა სახეობაში მსგავსი პრობლემაა... ბევრი სპორტსმენი შეშინებული გადის მოედანზე, იმიტომ რომ მას "ვინმე უფროსი" ადევნებს თვალს და მცირედი შეცდომის გამო მას "დასჯის". ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, უნდა არსებობდეს მოტივაცია და შესაბამისად მონდომება და ძალისხმევა გაიზრდება. რა თქმა უნდა, სპორტსმენებიც ბევრს "სცოდავენ", არ ინარჩუნებენ სპორტსმენის სახეს, ზარმაცობენ, თავს იტყუებენ. მაგრამ შედეგი ყველას თანაბარი მონაწილეობითა და ერთიანი მუშაობით მიიღწევა მხოლოდ. მოდით ზოგჯერ ავდგეთ და სხვაზეც ვიფიქროთ...

თსუ-ს ვაჟთა ნაკრებმა ყარსში გამართულ ტურნირში მესამე აგილი დაიკავა, რადგან ძირითადი შემადგელობის მოთამაშეები არ ჰყავდა.

პოსტებზე გამოხმაურების მსურველებმა დატოვეთ კომენტარი, ან გამოგვეხმაურეთ ელექტრონულ მისამართზე ourvolleyball.gmail.com