Wednesday, April 27, 2011

მაისურები თაობებისთვის

ანკარა. ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატი. ასაკი - 1997-98 წელს დაბადებულები. დღეს საქართველო გამოდის ამ ჩემპიონატზე. ჩვენი გამოუცდელი პატარები, 12-13 წლის გოგონები კი, პირველად გავიდნენ ასეთ დიდ ტურნირზე. მათ პირველი თამაში ალბანეთთან ჰქონდათ და იცით რა მოხდა? ჩვენებმა მოიგეს! დიდი იმედი მაქვს, რომ ბავშვები საკუთარი თამაშით კმაყოფილები ჩამოვლენ. მართალია, მათ უკვე წააგეს ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებებთან, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მაინც გამოცდილების მიღებაა. სულ 9 გუნდი მონაწილეობს, საქართველოს გარდა: ჰოლანდია, ბულგარეთი, ჩინეთი, კორეა, საბერძნეთი, ფინეთი, ალბანეთი და თურქეთი. ანკარაში ჩვენს ბავშვებთან ერთად იმყოფებიან: საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნინო მღებრიშვილი, მწვრთნელები ირმა მეტრეველი, გიორგი ქართველიშვილი, ნონა ღვინჯილია და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ კოდანაშვილი.
კინაღამ დამავიწყდა! :)) სანამ საქართველოს ფრენბურთის ბავშვთა ნაკრები ანკარაში გაემგზავრებოდა, ეროვნული ნაკრების წევრებს გვთხოვეს მაისურები მიგვეტანა, თავიდან არც ვიცოდით, რომ ეს ფორმები, რომლებიც სულ ცოტა შვიდი წლისაა, კიდევ ამ ბავშვებისთვის უნდა ჩაეცვათ. ეს კიდევ არაფერი... ყველაზე სასცილო ის იქნება, აწ უკვე გახეული და გადახუნებული, აგრეთვე დაპატარავებული ფორმები ისევ ეროვნული ნაკრების წევრებს რომ დაუბრუნოს ფედერაციამ. თუმცა გასაკვირი უკვე არაფერია.
თაობები, მოთამაშეები იცვლებიან... და ამასთანავე მაისურზე, თეთრ ზოლში იცვლება გვარის წარწერა, სამწუხაროდ, სხვა ჯერ არაფერი.

Sunday, April 24, 2011

დღესასწაული


ქრისტე აღსდგა! ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
აი, კვლავ გამოანათა მზემ, როგორც ამ დღეს შეეფერება. აღდგომას განწყობა ყოველთვის კარგი მაქვს. სამწუხაროდ, ღამე ვერ გავათენე ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ განწყობა მაინც სააღდგომო მაქვს.
ამ დღეებში ფრენბურთელები (სავარაუდოდ ყველანი) ისვენებენ. ორშაბათის შემდეგ კი ძველებური მონდომებით შეუდგებიან ვარჯიშს. წინ ხომ გადამწყვეტი თამაშები ელით ნახევარფინალისტებს.

უახლოეს მომავალში განვათავსებ ახალ და საინტერესო პოსტებს ფრენბურთზე, არ მოიწყინოთ :)

Tuesday, April 12, 2011

ნახევარფინალი წინ არის


მეორე ტური დასრულდა და გუნდებიც დაბრუნდნენ თავის ქალაქებსა თუ სოფლებში. ნახევარფინალში შემდეგი გუნდები გადავიდნენ: "თბილისი", "ჯიკო", "ბათუმი" და "თსუ". თითოეულმა მათგანმა დამსახურებულად მოიპოვა თითოეული გამარჯვება. მეორე ტურში ლიდერები 1. თბილისის და 2. ჯიხაიშის გუნდები არიან. ჯერ არ არის ცნობილი, თუ სად ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ გულშემტკივრები თავისი გუნდების ერთგულები დარჩებიან და ყველგან გაყვებიან მათ მხარდასაჭერად.

Wednesday, April 6, 2011

რა შევიძინე?


ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა ფრენბურთს უკავშირდება. 13-14 წლის ასაკიდან დავდივარ, ვვარჯიშობ, ვთამაშობ, ხან ვიგებ და ხან კიდევ ვაგებ. აქ არავის აქვს რეაქცია "ვაიმე, რა მაღალი ხარ!" და ამ წლების განმავლობაში, გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი. ყველა ფრენბურთელი დამეთანხმება, რომ ამ სამყაროს არც თუ ისე ადვილია მიეჩვიო, მაგრამ შემდეგ მისი თავიდან მოშორება შეუძლებელია. ფრენბურთი ისეთი რამ არის, რომ გასინჯავ და გემო მთელი ცხოვრება დაგყვება. პირველი მწვრთნელი, პირველი გუნდი, პირველი ფორმა, პირველი შეკრება... ეს ყველაფერი შეუძლებელია დაივიწყო. უკვე ათვალიარებ სურათებს და ამბობ: "ეს რომელი წელია? რა დრო იყოო..."


პირველ რიგში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ფრენბურთმა შემძინა ყველაზე ძვირფასი... მეგობრები... მეგობრები, რომლებმაც ალბათ არაერთხელ დაგწყვიტეს გული, გაგახარეს თუ გვერდში ამოგიდგნენ. შენ მათთან ერთად იგებდი და აგებდი, ზოგჯერ მათ ადანაშაულებდი, ზოგჯერ კი საკუთარ თავს. მათთან ერთად გაატარე რამდენიმე დაუვიწყარი შეკრება, "სბორი". იყავი სპა-სასტუმროებში; ხან იყავი უსაშინლეს პირობებში, მაგრამ მაინც კარგად გრძნობდი თავს. გუნდი სხვა ცნებაა, ეს არ არის უბრალოდ მეგობრობა, შენ იმ ადამიანებთან ცხოვრობ და ზოგჯერ ოჯახად აღიქვამ. სწორედ ამას ჰქვია გუნდურობა.
დღეს ჩემი გუნდელები ბათუმში არიან და დანარჩენ 5 გუნდს ეთამაშებიან, 3-დან 3 თამაში მოიგეს, ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება :)

ამ დღეებში შემდგარი თამაშების შედეგები (რომლებიც ჩემთვის არის ცნობილი):
თბილისი 3:0 ქუთაისი
თბილისი3:0 ბოლნისი
ბათუმი 1:3 ჯიკო (დიდი ჯიხაიში)
თბილისი 3:1 თსუ

სხვა თამაშების შედეგებს ხვალ განვათავსებ :)

Sunday, April 3, 2011

წარმატებები თქვენ!


ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო. თბილისის გოგონათა ნაკრები მაინც მიდის ბათუმში მეორე ტურში სათამაშოდ. არა, ფული არ გამოყოფილა ოფიციალურად და არა მგონია, რომ აქ თბილისის ფედერაციის პრეზიდენტის ხელი ერიოს. შეიძლება ითქვას, მწვრთნელმა იბრძოლა იმისათვის, რომ გუნდი გაეყვანა. გოგოებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. წინ არც თუ ისე კარგი პირობები ელით, მაგრამ მაინც მზად არიან ამ ყველაფერს შეეგუონ და თავისი ჩემპიონობა შეინარჩუნონ. ეს ჯერ მხოლოდ მეორე ტურია, ფინალები აპრილის ბოლოს იქნება. მაგრამ მინდა მთელი გულით ვუსურვო მათ წარმატებები!


აქვე გეტყვით, რომ რუსთავის გუნდმაც ვერ მოიპოვა დაფინანსება ჩემპიონატში თამაშის გასაგრძელებლად.წინა წლებში კი თბილისის სახელით ორი გუნდი გამოდიოდა ხოლმე. რამდენიმე გუნდი დგას ხოლმე ასეთი პრობლემის წინაშე, მაგრამ ფაქტია, რომ ფრენბურთელები არ ჩერდებიან და თუნდაც პრინციპის გამო ცდილობენ დაამტკიცონ თავისი ღირსეულობა კარგი თამაშით.
დამეთანხმებით... სპორტი კი არა, ბრძოლის ველია!