Saturday, December 31, 2011

გილოცავთ ახალ წელს :)


ვხედავ ჰყავს ამ ბლოგის რამდენიმე ერთგული და ხშირი სტუმარი. მოგეხსენებათ, ფრენბურთთან უკვე ისეთი ხშირი კავშირი აღარ მაქვს, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ამ ბლოგზე! :) უბრალოდ ვერ ვიცლი, ხან კიდევ მეზარება გვერდის განახლება. მოკლედ დღეს ახალი წელი უნდა გვესტუმროს და ვფიქრობდი როგორი იყო 2011 ფრენბურთისთვის... განსაკუთრებული დამეთანხმებით არაფერი მომხდარა. აღსანიშნავია ალბათ მწვრთნელებისათვის ჩატარებული ტრეინინგები, რომლებიც ვფიქრობ კარგად უნდა გამოიყენონ ახალი თაობების აღზრდისათვის. საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ახალი გუნდები გამოჩნდა საქართველოს უნივერსიტეტისა და ოლიმპიური მზადების ცენტრის სახით. სამაგიეროდ აღარ არის თბილისის გუნდი, საქართველოს 2010 წლის ჩემპიონი და მოთამაშეები სხვადასხვა გუნდებში გადანაწილდნენ. მოკლედ დიდი აურზაურია, ცოტა მიჭირს ხოლმე გახსენება ვინ სად თამაშობს.
ბიჭების ჩემპიონატს რაც შეეხება, აქ არც არასდროს ვერკვეოდი ძალიან კარგად, თუმცა დიდი ცვლილებები როგორც ვიცი არ მომხდარა. 5 გუნდი თამაშობს სუპერლიგაში და დაახლოებით 9 გუნდი პირველ ლიგაში. გოგონებში "ჯიკო" ლიდერობს, ბიჭებში - "თბილისი". რაც შეეხება ახალი ფრენბურთელების შემომატებას, ამაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. თუმცა უკვე როდესაც მეკითხებიან, ღირს ბავშვის შეყვანა? პროფესიონალურად გაყვება? ვერ ვატყუებ ამ ხალხს და რა ვუყო... უბრალოდ ვამბობ, რომ კარგი სპორტია, ტანს არ ამახინჯებს. თან ვამბობ, საზღვარგარეთ თუ წაიყვანთ მერეე.. ამ დროს კი უკვე ყველაფერი ნათელი ხდება :)

მოკლედ, მინდა რომ ეს ლაპარაკი წყლის ნაყვა არ გამომივიდეს და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მარტო საკუთარ თავზე ფიქრს მოეშვას... წინააღმდეგობებით ფრენბურთი ვერ გაიხარებს საქართველოში და აზრზე მოდით! ხლა მე ვერავის გავამტყუნებ კონკრეტულად და ვერც ვერავის გავამართლებ.. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტენდენციური გამოვალ... ამიტომ ყველას უმოერჩილეას ვთხოვ დავივიწყოთ შუღლი, გამოვასწოროთ შეცდომები. ბოლოს და ბოლოს ვცადოთ ზოგჯერ დავივიწყოთ "მხოლოდ მე" და საქმე გავაკეთოთ ჩვენთვის. ძალიან მინდა რომ 2012 წელი ახალი კარგი ამბების წელი იყოს ფრენბურთის სფეროსთვის და არა მარტო ფრენბურთის :) ბენიერი ახალი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და უამრავი წარმატება გამეგოს ნებისმიერი თქვენგანისგან.

Sunday, November 20, 2011

ბოდიშს გიხდით დიდი პაუზისათვის, მალე დაგიბრუნდებით ახალი პოსტებით :)

Thursday, September 29, 2011

„კიევის დარბაზი“


გუშინ (28.09.2011) ყველასთვის ძალიან სასიამოვნო იყო „კიევის დარბაზის“ გახსნაზე დასწრება. ყოველ შემთხვევაში, სასიხარულო. დიდხანს ველოდებოდით ამ თარიღს, თუ როდის ვნახავდით ჩვენს დარბაზს განახლებულს. გარეთ უკვე ქვიშის მოედანიც არის გაკეთებული.


უცებ გაიფიქრებ კიდეც „გვეშველა“... ეს იმედი ნამდვილად გვაქვს, რომ დარბაზი იქნება მხოლოდ ფრენბურთელებისათვის, ყოველ შემთვევაში, კალათბურთის ფარები და დარბაზის ფეხბურთის კარები არსად ჩანდა...

მოედანიც მხოლოდ ფრენბურთის იყო დახაზული. გუშინ დადებითი ემოციები ნამდვილად იყო :) ყოველ შემთხვევაში იმის გამო მაინც, რომ ამდენი ფრენბურთელი შეიკრიბა ერთად. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი ის იყო, რომ საქართველოს ერთ-ერთი დამსახურებული ფრენბურთელი სტანისლავ ბუინოვი ვერ მოესწრო ამ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ნამდვილად გახარებული იქნებოდა ამ ყველაფრის ხილვით.


კიევის განახლებულ დარბაზში თავისი ძალები თბილისის მერმაც მოსინჯა... მოსინჯა, კომენტარი გააკეთა და წავიდა... გუშინ ბევრმა ფრენბურთელმა ითამაშა... მათ დარბაზს გემო მოუსინჯეს და წავიდნენ... საინტერესოა, რა იქნება მომავალში :) მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას.

Friday, June 24, 2011

უნივერსიადა

ივნისის პირველ რიცხვებში თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში ფრენბურთის უნივერსიადა ჩატარდა. წელს ძალიან საინტერესო და ზოგიერთი საკმაოდ დაძაბული თამაშის მომსწრენი გავხდით. წინა წლებთან შედარებით, გუნდების დონე ამაღლდა, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ.
გოგონებში ნახევარფინალისტები გახდნენ "ილიაუნი", "საქართველოს უნივერსიტეტი", "აგრარული უნივერსიტეტი" და თსუ. ადგილები შემდეგნაირად გადაწილდა: მესამე ადგილზე გავიდა აგრარული უნივერსიტეტის გუნდი, მეორე ადგილი საქართველოს უნივერსიტეტის ფრენბურთელებმა მოიპოვეს, ხოლო ოქრო ერგო თსუ-ს.
საპრიზო ადგილები მოიპოვეს თსუ-სა და აგრარული უნივერსიტეტის ვაჟმა ფრენბურთელებმაც. მესამე ადგილი - თსუ, მეორეზე რუსთავის უნივერსიტეტის ფრენბურთელები გავიდნენ, ხოლო პირველზე - აგრარული უნივერსიტეტის გუნდი. საუკეთესო მოთამაშედ ვაჟებში პირველადგილოსანი გუნდი წევრი დაასახელეს. რაც შეეხება გოგონებს, საუკეთესო მოთამაშის ტიტული "ილიაუნის" გუნდის წვერმა ელა კაზარიანმა მიიღო.
მივესალმები ყველა მონაწილე გუნდს და მადლობა მინდა გადავუხადო აქტიურობისათვის. მადლობა აგრარულ უნივერსიტეტს ამ ტურნირის მასპინძლობისათვის და მონაწილეობისათვის, GPI-ს , სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის, ილიას უნივერსიტეტის, რუსთავის უნივერსიტეტის, ყვარელის უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის გუნდებს. აგრეთვე დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ასეთი შემართებისთვის, რომელბმაც დიდი მონდომება გამოიჩინეს მთელი წლის განმავლობაში ასეთი რთული სწავლის პარალელურად (ბოდიშს გიხდით მიკერძოებისათვის, უბრალოდ ამ ყევლაფერს პირადად ვხედავდი).
ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი უნივერსიტეტი ჩაერთვება ამ ტურნირში და დაინტერესდება ფრენბურთით, იმიტომ რომ სპორტის სამინისტროს დაგეგმილი აქვს საუნივერსიტეტო ლიგის შექმნა, რაც კარგ პოპულარობას მოუტას ფრენბურთს.

ფოტოები, როგორც ყოველთვის, ინტერნეტიდან

ფრენბურთი საქართველოში და სხვაგან...

მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში გეუბნებიან - "წადი", თავიდან გიჩნდება პროტესტის გრძნობა და შემდეგ უკვე გულიც გიცრუვდება, რომელიც ალბათ დიდი ხანია უნდა აგცრუებოდა. მაგრამ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნიდან მოგდის მოწვევა რაღაც უმნიშვნელო ტურნირზე და გეუბნებიან - "ყველაფერს გიფინანსებთ, ოღონდ მოდით", მაშინ ხალისით მიდიხარ, იქ ყველას უგებ და ამაყად ბრუნდები, თუმცა აქ იგივე სიტუაცია გხვდება.
ცოტა ბუნდოვანი იყო შესავალი, მაგრამ ეს მართლა ასეა, საქართველოში, ქალთა ეროვნული ნაკრების ფრენბურთელებს ახლახან უთხრეს, თან პირდაპირ უთხრეს, თქვენს ყოფნას რა აზრი აქვსო, მაღალ გოგონებს მეც მოვიყვან და ნაკრებს დავარმქევო. ასეთ დროს წინააღმდეგობაც გავუწიეთ, შევეპასუხეთ, მაგრამ მივხვდით, რომ აზრი არ აქვს საუბარს... ამ დროს იწყებენ თავისი ბეისბოლისტის კარიეირს გახსენებას და ყველა იმედს გიკლავენ.
20 ივნისს თსუ-ს ფრენბურთელთა გუნდები ყარსში გაემგზავრნენ უნივერსიადაზე. მართალია, სუსტი გუნდები დახვდათ იქ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სუსტ გუნდებს, აქვთ პირობები, პირობები, რომლებიც არ ესიზმრება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფრენბურთში. თანაც, ეს ტურნირი ყარსში უკვე რამდენიმე წელია ტარდება, იქაური გუნდები გამუდმებით აგებენ ჩვენებთან და პირველობას ვერ ართმევენ. წელსაც ასე მოხდა, თსუ-ს ფრენბურთელმა გოგონებმა ისევ პირველი ადგილი დაიკავეს, თურქებმა ისევ წააგეს, მაგრამ მომავალ წელს ტურნირი მაინც ჩატარდება... ანუ ისინი არ თამაშობენ იმის შიშით, რომ წაგების შემთხვევაში შეიძლება დაფინანსება შეუწყდეთ, ისინი თამაშობენ, რათა უბრალოდ მოიგონ.
ჩემი აზრით, საქართველოში სპორტის ყელა სახეობაში მსგავსი პრობლემაა... ბევრი სპორტსმენი შეშინებული გადის მოედანზე, იმიტომ რომ მას "ვინმე უფროსი" ადევნებს თვალს და მცირედი შეცდომის გამო მას "დასჯის". ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, უნდა არსებობდეს მოტივაცია და შესაბამისად მონდომება და ძალისხმევა გაიზრდება. რა თქმა უნდა, სპორტსმენებიც ბევრს "სცოდავენ", არ ინარჩუნებენ სპორტსმენის სახეს, ზარმაცობენ, თავს იტყუებენ. მაგრამ შედეგი ყველას თანაბარი მონაწილეობითა და ერთიანი მუშაობით მიიღწევა მხოლოდ. მოდით ზოგჯერ ავდგეთ და სხვაზეც ვიფიქროთ...

თსუ-ს ვაჟთა ნაკრებმა ყარსში გამართულ ტურნირში მესამე აგილი დაიკავა, რადგან ძირითადი შემადგელობის მოთამაშეები არ ჰყავდა.

პოსტებზე გამოხმაურების მსურველებმა დატოვეთ კომენტარი, ან გამოგვეხმაურეთ ელექტრონულ მისამართზე ourvolleyball.gmail.com

Friday, May 20, 2011

ფრენბურთი

სპორტის ეს სახეობა საქართველოში კარგად არ არის განვითარებული, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ მწყდება გული, როდესაც ამ ლამაზი სპორტის სახელს ამახინჯებენ. მინდა ყველამ ერთხელ და სამუდამოდ გაითავისოს, რომ ეს არის ფრებურთი და არა ფრებურთი. აქ ბურთი დაფრიავს... ამასთანავე, მართალია მას ხელით თამაშობენ, მაგრამ ამის გამო არ უნდა უწოდოთ ხელბურთი...
ვიცი, რომ საზოგადოება აქ არაფერ შუაშია... აქ მთავარი ის არის, რომ ჟურნალისტები არ აქვეყნებენ ფრენბურთის შესახებ საკმარის ინფორმაციას, მაგრამ უფრო მძიმე სიტუაციაა ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანების მოძებნის მხრივ. ჟურნალისტები ხშირად წერენ ისე, რომ წარმოდგენა არ აქვთ ამ სპორტზე. მხოლოდ ანგარიში ვერ გადმოსცემს ამა თუ იმ თამაშის მთელ ემოციას და შესაბამისად ხალხიც არ დაინტერესდება. სახელებისა და გვარების არასწორად დაწერაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, ასე ხშირად ჩემი და სხვა ბევრი ფრენბურთელის გვარი სხვას არავის დაუმახინჯებია. ამიტომ მოგიწოდებთ, ჟურნალისტებო! აქტიურად გააშუქეთ ეს ლამაზი და აზარტული სპორტი, შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ რამდენიმე ფრენბურთელს, ვიცი, რომ ბევრი მათგანი არ გეტყვით უარს დახმარებაზე. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ინფორმაციის მოძება და გადამოწმება თქვენი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

Wednesday, May 18, 2011

კიევის დარბაზი


ფრენბურთელებს ლეგენდარული "კიევის დარბაზი" დაუბრუნდებათ :) ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც უვარჯიშია იქ, იცის, თუ როგორი განსაკუთრებულია ეს დარბაზი, რამდენი ფრენბურთელი აღზრდილა აქ, რამდენმა ჩვენგანმა მოკიდა molten-ის თუ Mikasa-ს ბურთს პირველად ხელი... ეს არის ქართული ფრენბურთის ლეგენდა და იმედი მაქვს, რომ ახალი სახით, ის მეტად ლეგენდარული იქნება და ბევრად უკეთეს პროფესიონალებს გაზრდის. "კიევის დარბაზი" - ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონება... ის გვაერთიანებს :)

Sunday, May 8, 2011

ფინალი

დღეს ჩემპიონობა ისევ "ჯიკომ" დაიბრუნა. თამაში მართლა დაძაბული და საინტერესო იყო, ასე ვთქვათ, მართლაც რომ საფინალო. მანამდე კი შედგა თამაში "ბათუმსა" და "თსუ"-ს შორის, რომელიც 3:0 დამთავრდა. მათ, ვინც არ ესწრებოდა "ჯიკო" 3 - 2 "თბილისის" (25:14; 10:25; 25:23; 16:25; 16:14) თამაშს, გეტყვით, რომ დაკარგეთ შანსი, გამოგეყოთ დიდი რაოდენობით ადრენალინი. აქ არ იყო სისხლის ღვრა და ხელჩართული ჩხუბი, მაგრამ ეს იყო ბრძოლა, ეს იყო ტექნიკურობისა და ძალის გამოვლინება და, რა თქმა უნდა, იღბლიანობა. განა მარტო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის... გულშემატკივრები უფრო მეტად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
თამაშის განმავლობაში უპირატესობას ხან ერთი, ხან კიდევ მეორე გუნდი მოიპოვებდა ხოლმე, საბოლოოდ, გადამწყვეტ მეხუთე სეტში, "ჯიკომ" მცირედი უპირატესობით 16:14 გამარჯვება მოიპოვა. გასაკვირია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სეტების მიხედვით, თამაში 3:2 დამთავრდა, "ჯიკოს" სასარგებლოდ, მოგებულ ქულათა ჯამის მიხედვით, უპირატესობა აქვს "თბილისს" ("ჯიკოს" აქვს 25+10+25+16+16=92; ხოლო თბილისს - 14+25+23+25+14=101). საოცარია, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე :) ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვულოცავ ჯიხაიშის გუნდს ამ გამარჯვებას, ვიცი, რომ მათ ეს დაუფასდებათ! თბილისის გუნდის მოგების შემთხვევაში, სიტუაცია მაინც არ შეიცვლებოდა. მოთამაშეებმა მეტი უნდა ივარჯიშონ და მეტი მოინდომონ, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალებას ზოგჯერ არც კი აძლევენ. რა გასაკვირია, როდესაც თბილისის ფრენბურთის ფედერაცია ფინალურ თამაშებზე მარნეულში გასამგზავრებლადაც არ აძლევს გუნდს ფულს, ჩემი და ალბათ ბევრი თქვენგანის აზრით, ეს უკვე ელემენტარული მათხოვრობაა...

Saturday, May 7, 2011

7 მაისი... მარნეული...

სათაური ისეთი გამომივიდა, თითქოს რაიმე ძალიან ღისრსშესანიშნავ ფაქტზე უნდა დავწერო :) დღეს პირველად ვიყავი მარნეულში, გზად ძალიან ლამაზი პანორამები გადამეშალა. რაც შეეხება სპორტულ კომპლექსს, მართლაც მომეწონა და ვიმედოვნებ, რომ ამის მსგავსი კიდევ ბევრი აშენდება საქართველოში. სწორედ ამ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალები, ერთმენეთს ფინალში გასავლელად ეჯიბრებოდნენ "ბათუმი" 1 - 3 "ჯიკო" და "თბილისი" 3 - 0 თსუ.
ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე თამაში დაძაბულობით გამოირჩეოდა, სამაგიეროდ შემიძლია აღვნიშნო, რომ თსუ-ს გუნდის ქომაგები ნამდვილად ძალიან აქტიურები და შექების ღირსები არიან. აგრეთვე, რაც "ჯიკოს" გუნდი მახსოვს, მათაც ყოველთვის ძლიერი გულშემატკივრები ჰყავთ, ეს კი გუნდისთვის მართლაც დიდი სტიმულია.
ხვალ მესამე ადგილისთვის ერთმანეთს შეხვდებიან თსუ-სა და ბათუმის გუნდები; ხოლო პირველი ადგილისთვის, ვფიქრობ დაძაბული ბრძოლა შედგება ხვალ, 3 საათზე, მარნეულში, ერთმანეთს უკვე დიდი ხნის მეტოქეები, "ჯიკო" და "თბილისი" შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ჯიხაიშის გუნდი, საქართველოს 8 გზის ჩემპიონია, შარშან კი "თბილისის" მოთამაშეებმა მათ ეს ტიტული ჩამოართვეს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
მე პირადად ვნერვიულობ... ალბათ მშვენივრად იცით ვისაც ვგულშემატკივრობ და ვის გვერდით ვიქნები ხვალ!
სურათები გამოყენებულია Facebook-იდან (ზემოდან ქვემოთ: "ჯიკო", "ბათუმი", "თსუ", "თბილისი")

Wednesday, April 27, 2011

მაისურები თაობებისთვის

ანკარა. ბავშვთა მსოფლიო ჩემპიონატი. ასაკი - 1997-98 წელს დაბადებულები. დღეს საქართველო გამოდის ამ ჩემპიონატზე. ჩვენი გამოუცდელი პატარები, 12-13 წლის გოგონები კი, პირველად გავიდნენ ასეთ დიდ ტურნირზე. მათ პირველი თამაში ალბანეთთან ჰქონდათ და იცით რა მოხდა? ჩვენებმა მოიგეს! დიდი იმედი მაქვს, რომ ბავშვები საკუთარი თამაშით კმაყოფილები ჩამოვლენ. მართალია, მათ უკვე წააგეს ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებებთან, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მაინც გამოცდილების მიღებაა. სულ 9 გუნდი მონაწილეობს, საქართველოს გარდა: ჰოლანდია, ბულგარეთი, ჩინეთი, კორეა, საბერძნეთი, ფინეთი, ალბანეთი და თურქეთი. ანკარაში ჩვენს ბავშვებთან ერთად იმყოფებიან: საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნინო მღებრიშვილი, მწვრთნელები ირმა მეტრეველი, გიორგი ქართველიშვილი, ნონა ღვინჯილია და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მალხაზ კოდანაშვილი.
კინაღამ დამავიწყდა! :)) სანამ საქართველოს ფრენბურთის ბავშვთა ნაკრები ანკარაში გაემგზავრებოდა, ეროვნული ნაკრების წევრებს გვთხოვეს მაისურები მიგვეტანა, თავიდან არც ვიცოდით, რომ ეს ფორმები, რომლებიც სულ ცოტა შვიდი წლისაა, კიდევ ამ ბავშვებისთვის უნდა ჩაეცვათ. ეს კიდევ არაფერი... ყველაზე სასცილო ის იქნება, აწ უკვე გახეული და გადახუნებული, აგრეთვე დაპატარავებული ფორმები ისევ ეროვნული ნაკრების წევრებს რომ დაუბრუნოს ფედერაციამ. თუმცა გასაკვირი უკვე არაფერია.
თაობები, მოთამაშეები იცვლებიან... და ამასთანავე მაისურზე, თეთრ ზოლში იცვლება გვარის წარწერა, სამწუხაროდ, სხვა ჯერ არაფერი.

Sunday, April 24, 2011

დღესასწაული


ქრისტე აღსდგა! ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
აი, კვლავ გამოანათა მზემ, როგორც ამ დღეს შეეფერება. აღდგომას განწყობა ყოველთვის კარგი მაქვს. სამწუხაროდ, ღამე ვერ გავათენე ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ განწყობა მაინც სააღდგომო მაქვს.
ამ დღეებში ფრენბურთელები (სავარაუდოდ ყველანი) ისვენებენ. ორშაბათის შემდეგ კი ძველებური მონდომებით შეუდგებიან ვარჯიშს. წინ ხომ გადამწყვეტი თამაშები ელით ნახევარფინალისტებს.

უახლოეს მომავალში განვათავსებ ახალ და საინტერესო პოსტებს ფრენბურთზე, არ მოიწყინოთ :)

Tuesday, April 12, 2011

ნახევარფინალი წინ არის


მეორე ტური დასრულდა და გუნდებიც დაბრუნდნენ თავის ქალაქებსა თუ სოფლებში. ნახევარფინალში შემდეგი გუნდები გადავიდნენ: "თბილისი", "ჯიკო", "ბათუმი" და "თსუ". თითოეულმა მათგანმა დამსახურებულად მოიპოვა თითოეული გამარჯვება. მეორე ტურში ლიდერები 1. თბილისის და 2. ჯიხაიშის გუნდები არიან. ჯერ არ არის ცნობილი, თუ სად ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ გულშემტკივრები თავისი გუნდების ერთგულები დარჩებიან და ყველგან გაყვებიან მათ მხარდასაჭერად.

Wednesday, April 6, 2011

რა შევიძინე?


ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა ფრენბურთს უკავშირდება. 13-14 წლის ასაკიდან დავდივარ, ვვარჯიშობ, ვთამაშობ, ხან ვიგებ და ხან კიდევ ვაგებ. აქ არავის აქვს რეაქცია "ვაიმე, რა მაღალი ხარ!" და ამ წლების განმავლობაში, გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი. ყველა ფრენბურთელი დამეთანხმება, რომ ამ სამყაროს არც თუ ისე ადვილია მიეჩვიო, მაგრამ შემდეგ მისი თავიდან მოშორება შეუძლებელია. ფრენბურთი ისეთი რამ არის, რომ გასინჯავ და გემო მთელი ცხოვრება დაგყვება. პირველი მწვრთნელი, პირველი გუნდი, პირველი ფორმა, პირველი შეკრება... ეს ყველაფერი შეუძლებელია დაივიწყო. უკვე ათვალიარებ სურათებს და ამბობ: "ეს რომელი წელია? რა დრო იყოო..."


პირველ რიგში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ფრენბურთმა შემძინა ყველაზე ძვირფასი... მეგობრები... მეგობრები, რომლებმაც ალბათ არაერთხელ დაგწყვიტეს გული, გაგახარეს თუ გვერდში ამოგიდგნენ. შენ მათთან ერთად იგებდი და აგებდი, ზოგჯერ მათ ადანაშაულებდი, ზოგჯერ კი საკუთარ თავს. მათთან ერთად გაატარე რამდენიმე დაუვიწყარი შეკრება, "სბორი". იყავი სპა-სასტუმროებში; ხან იყავი უსაშინლეს პირობებში, მაგრამ მაინც კარგად გრძნობდი თავს. გუნდი სხვა ცნებაა, ეს არ არის უბრალოდ მეგობრობა, შენ იმ ადამიანებთან ცხოვრობ და ზოგჯერ ოჯახად აღიქვამ. სწორედ ამას ჰქვია გუნდურობა.
დღეს ჩემი გუნდელები ბათუმში არიან და დანარჩენ 5 გუნდს ეთამაშებიან, 3-დან 3 თამაში მოიგეს, ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება :)

ამ დღეებში შემდგარი თამაშების შედეგები (რომლებიც ჩემთვის არის ცნობილი):
თბილისი 3:0 ქუთაისი
თბილისი3:0 ბოლნისი
ბათუმი 1:3 ჯიკო (დიდი ჯიხაიში)
თბილისი 3:1 თსუ

სხვა თამაშების შედეგებს ხვალ განვათავსებ :)

Sunday, April 3, 2011

წარმატებები თქვენ!


ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო. თბილისის გოგონათა ნაკრები მაინც მიდის ბათუმში მეორე ტურში სათამაშოდ. არა, ფული არ გამოყოფილა ოფიციალურად და არა მგონია, რომ აქ თბილისის ფედერაციის პრეზიდენტის ხელი ერიოს. შეიძლება ითქვას, მწვრთნელმა იბრძოლა იმისათვის, რომ გუნდი გაეყვანა. გოგოებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. წინ არც თუ ისე კარგი პირობები ელით, მაგრამ მაინც მზად არიან ამ ყველაფერს შეეგუონ და თავისი ჩემპიონობა შეინარჩუნონ. ეს ჯერ მხოლოდ მეორე ტურია, ფინალები აპრილის ბოლოს იქნება. მაგრამ მინდა მთელი გულით ვუსურვო მათ წარმატებები!


აქვე გეტყვით, რომ რუსთავის გუნდმაც ვერ მოიპოვა დაფინანსება ჩემპიონატში თამაშის გასაგრძელებლად.წინა წლებში კი თბილისის სახელით ორი გუნდი გამოდიოდა ხოლმე. რამდენიმე გუნდი დგას ხოლმე ასეთი პრობლემის წინაშე, მაგრამ ფაქტია, რომ ფრენბურთელები არ ჩერდებიან და თუნდაც პრინციპის გამო ცდილობენ დაამტკიცონ თავისი ღირსეულობა კარგი თამაშით.
დამეთანხმებით... სპორტი კი არა, ბრძოლის ველია!

Thursday, March 31, 2011

რა არის ფრენბურთი?

მოყვარულების ფრენბურთი ზღვაზე

შენ კალათბურთელი ხარ ხო?
აბა ხელბურთელი?
ააა... ფრენბურთი ეს ისაა წყალში რომ თამაშობენ?
ამ და სხვა მსგავს შეკითხვებზე პასუხის გაცემა მიწევს ხოლმე მე და სხვა ბევრ ფრენბურთელსაც. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ზღვის პირას ქვიშაში ფრენბურთის თამაში ძალიან ბევრს უყვარს.

ქვიშის ფრენბურთი
ასეთი დამოკიდებულების გამო ჯერ ვისაუბროთ ქვიშის ფრენბურთზე, ეს არის თამაში 4 ადამიანს (2 წყვილს) შორის ღია ცის ქვეშ ქვიშაში. თამაშობენ 3 პარტიიდან (ორ მოგებამდე), თითო პატია არის 21-მდე. მესამე გადამწყვეტი კი 15-მდე. საქართველოში ერთი და იგივე ფრენბურთელები ორივე სახის - კლასიკურ და ქვიშის ფრენბურთს თამაშობენ. წესით, ეს არ არის მიღებული, რადგან ამ ორ სახეობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა ფიზიკური მომზადებისა ან თუნდაც მოთამაშის ტექნიკის მხრივ, არაფერი რომ არ ვთქვათ წესებზე.
კლასიკური ფრენბურთი (დარბაზის)

ახლა კი კლასიკური ფრენბურთი. ეს არის თამაში 6-6-ზე 5 პარტიიდან (სამ მოგებამდე), თითო პარტია არის 25 ქულამდე, ხოლო მეხუთე გამადწყვეტი 15-მდე.
ოო.. რამდენჯერ მითამაშია და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ეს გადამწყვეტი და დაძაბული ბოლო პარტია... ეს არის დიდი რაოდენობით ადრენალინი, უზომოდ ბევრი ემოცია და ზოგჯერ ისეთი ძალა, რომელიც გეგონათ არც არასდროს გაგაჩნდათ.


ეს იყო მცირე მიმოხილვა ფრენბურთის ორი სახეობის შესახებ. შემდგომ პოსტებში შევეცდები მოთამაშეების უფრო ცალკეულ ფუნქციებზე გესაუბროთ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება საინტერესოდ.

Wednesday, March 30, 2011

მომავალი

რასთან ასოცირდება ხოლმე თქვენთვის სიტყვა მომავალი? ახალ პერსპექტივებთან... სიახლესთან... მოსალოდნელ კარგ ამბებთან...
როგორ ფიქრობთ, რასთან ასოცირდება სიტყვა მომავალი ფრენბურთში? ვერ მიხვდებით... თქვენ კიდევ ფეხბურთს ჩივით? საქართველოში ყოველი მესამე ბიჭი ფეხბურთელია. ფრენბურთი კი ნაკლებ პოპულარულია, არა, საერთოდ არ არის პოპულარული! და თქვენ გგონიათ ამის გამოსასწორებლად რაიმე კეთდება? ყოველ შემთხვევაში, ამ 6-7 წლის განმავლობაში, რასაც მე ვუყურებ, ამას მცდელობა კი არა, "ფხაკური" უფრო ჰქვია.
როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, 4 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი იწყება. ახალი ამბავი მაქვს... ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი, თბილისის ნაკრები, ვერ მიდის შეჯიბრებაზე ბათუმში. ხომ სახალისო ამბავია? ვისთვის როგორ... რატომ ვერ მიდის? რამდენადაც მე ვიცი, ფინანსები არ არის. ვინ გვაფინანსებს? თბილისის მერია...
თბილისის ვაჟთა ნაკრები? კი, ისინი მიდიან. გოგონები კი როგორმე უნდა წაიყვანონ 2 თამაშზე მაინც, რათა მეოთხედფინალში შეძლონ მოხვედრა... ამ და სხვა მსგავსი ამბების შემდგომ რთულია კარგი ასოციაციები გაგიჩნედეს მომავალთან დაკავშირებით... გოგონებისთვის რთულია ამდენი წლის განმავლობაში ენთუზიაზმით თამაში, არა ხელშეწყობა, არა ხელფასი, ახლა კი შეჯიბრცე ვერ გასულა გუნდი...

მაპატიეთ, ასეთი სკეპტიკური პოსტის გამო, მაგრამ რა ვქნა, რომ სიმართლე მწარეა და თუ ვინმეს ჩემი დაწყნარება შეგიძიათ, მზად ვარ მოგისმინოთ.

Monday, March 28, 2011

მოგესალმებით! :)


დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბლოგი ქართული ფრენბურთის სამყაროს დიდი ნაწილის ყურადღებას მიიპყრობს. აქ წაიკითხავთ ხოლმე პოსტებს ჩემზე, თქვენზე და ზოგადად ქართულ ფრენბურთზე.

ფოტო გამოყენებულია ინტერნეტიდან. ესტონეთი. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტური.

მიკვირს, აქამდე რატომ არ შევქმენი ამგვარი ბლოგი, სადაც სხვადასხვა ადგილას გაფანტული ფრენბურთელები შევიკრიბებოდით. მივესალმები ყველა მოქმედ, დამწყებ თუ ყოფილ მოთამაშეს, მწვრთნელებს და არაფრენბურთელებსაც. ხოლო მათ, ვინც აქ შემთხვევით მოხვდა ვეტყვი: კი, ფრენბურთი არსებობს საქართველოში :)
4 აპრილს ქალთა ფრენბურთის ჩემპიონატის მეორე ტური იწყება, უფრო ადრე კი ვაჟთა შორის გაიმართება თამაშები. ყოველივე ეს ქალაქ ბათუმში ჩატარდება. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას. მართალია, ზოგს მეტს, ზოგს ნაკლებს... მაგრამ რა ვქნა, რომ ამ შემთხვევაში სუბიექტური ვარ :)